საზაფხულო დავალებები
შეარჩიეთ სასურველი ორი წიგნი და წაიკითხეთ….
1. ანდრეა ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, სოციალური ქსელებით შეპყრობილი და რეალურ სამყაროზე გულაცრუებული ბიჭია. მეტავერსით გატაცებულმა, ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მშობლებმა „სასჯელი“ მოუფიქრეს – ზურგჩანთამოკიდებულმა, ათი დღის განმავლობაში ოჯახის უცნაურ მეგობართან ერთად წმინდა იაკობის გზის ასობით კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს, თანაც – ტელეფონის გარეშე!..
გზა ნამდვილი კოშმარივით იწყება, მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი, ახალი ადგილი და ახალი გამოცდილება ანდრეას საკუთარ თავთან აახლოებს – იმასთან, ვისაც აქამდე ვერ ამჩნევდა.
ერთი შეხედვით, დაუძლეველი დაბრკოლებები, ახალგაცნობილი თანატოლი თუ ბევრად უფროსი თანამგზავრები, პირველი სიყვარული და მოულოდნელი სირთულეები ანდრეას ასწავლის მეგობრობას, თავმდაბლობას, თანაგრძნობას და იმას, რომ პასუხისმგებლობა სასჯელი კი არა, განვითარებისა და ზრდის საყრდენია; რომ ზოგჯერ საკმარისია ერთი გზა, ერთი ადამიანი და ერთი გაკვეთილი, რომ შენი ცხოვრება ახალ კურსს დაადგეს და იპოვო საკუთარი ხმა სამყაროში, რომელშიც ყველაზე მძაფრად სწორედ შენი სიჩუმე ისმის.
2. ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში… თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ… ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება, რომ ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა, აქვს და დახმარება სჭირდება; მისი დამსახურებით, თანდათან მთელი სკოლა რწმუნდება, რომ ელი არანორმალური კი არა, პირიქით, ნიჭიერი მხატვარი და მოაზროვნე მოსწავლეა. „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“.
სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში აინშტაინს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს ჰქონდა.
3. 12 წლის როსს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს – უბრალოდ, ნორმალური ბავშვი იყოს, მაგრამ უეცრად აღმოჩენილი იშვიათი დაავადება ამის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი იძულებულია, გაუმკლავდეს ერთბაშად თავსდატეხილ ყველა პრობლემას – უჩვეულო თერაპიას, მეგობრების დაკარგვასა და სკოლაში დაცინვასაც.
როცა როსს თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლება, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ მუსიკასა და ნამდვილ მეგობრებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.
რობ ჰარელმა ეს გულში ჩამწვდომი ისტორია საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა. მასში ავტორი იუმორით მოგვითხრობს ნამდვილ მეგობრობასა და იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს, როცა საშუალო სკოლაში ვსწავლობთ.
“წერილი ოქროსფერი მარკით” ონჯალი რაუფი
4 . ათი წლის ოდრი ავადმყოფ დედასა და უმცროს და-ძმაზე ზრდასრულივით ზრუნავს. გოგონა დედის ავადმყოფობის ამბავს ყველას საგულდაგულოდ უმალავს, მოსაც კი – გულკეთილ ფოსტალიონს, რომელიც პატარა კოლექციონერს ყოველ მისვლაზე ნაირ-ნაირი მარკებით ასაჩუქრებს.ყველაფერი იცვლება, როდესაც ქუჩის გადაღმა იდუმალი მეზობელი გადმოდის, ოქროსფერმარკიანი წერილის აღმოჩენა კი ოდრის მამის მოძებნისკენ უბიძგებს და ხიფათით სავსე თავგადასავალში ამოაყოფინებს თავს. პატარა გოგოს გულწრფელი მონათხრობი ფაქიზად ააშკარავებს იმ სირთულეებს, ტკივილებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებსაც სხვებზე მზრუნველი ბავშვები აწყდებიან. წიგნი ფარულ გმირებზე გვიყვება და სიყვარულის, მეგობრობის, გამბედაობისა და თანადგომის ძალას შეგვახსენებს.
5. ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ.
სინიორ ბიანკი წამლებით ვაჭრობდა. კვირაში ექვსი დღე გზას ადგა. ხან აღმოსავლეთში იყო, ხან – დასავლეთში. მაგრამ სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს შინ ტელეფონით რეკავდა და თავის გოგონას ზღაპარს უყვებოდა. ამ წიგნში სწორედ სინიორ ბიანკის ზღაპრებია თავმოყრილი
.






Comments
Post a Comment