13 იანვარი 2014

დედამიწამ რა სთქვა (ვაჟა-ფშაველა)


დედამიწამ რა სთქვა?!

მე ვარ დედა, მშობელი ყველასი, რაც კი თვალით ჩანს, თუ არა ჩანს, ყველას ჩემს კალთაზე უძევს თავი, ყველა ჩემით სულდგმულობს, არსებობს, საზრდოობს. შემომქმედმა მე დამბადა ყველა არსთა სიცოცხლის წყაროდ. გარეშე ჩემსა სულ პატარა მწყერსაც კი სული ამოჰხდება. ამიტომ არის, რომ დედას მიწოდებს ყოველი არსი. ვამაყობ ჩემის თავით, ჩემის სახელით.

მრავალი, აუარებელი საქმე მაქვს, დიდი მძიმე ტვირთი მკიდია ზურგზე, მაგრამ არ ვდრკები. არ ვტირი, არ ვჩივი, მუდამ სველი მაქვს უბე და კალთები. ჩემს გულმკერდზე დიან მდინარენი. სდგანან ოკეანენი; უნდა იდინონ, უნდა მასველონ, უნდა მე ვითმინო, ხოლო ჩემმა შვილებმა გაიხარონ, ყველამ, განა თუ ერთმა და ორმა?! არა, არა, მე გული მიკვდება, მე ვიტანჯები, ავად ვარ, უძლური, უნაყოფო, მაშინ, როცა ყველა ჩემი შვილი ერთნაირად არ გაიხარებს ჩემის ამაგით,… დედა ვარ, დედა! იცით კი დედის გული როგორია? ნუ გგონიათ, ყელმოღერებული, რქებზურგზეგადაწყობილი ირემი ტურფა და ლამაზი მერჩივნოს საწყალს, გაქუცულ წრუწუნა თაგვს. ნუ გგონიათ, ნუ დაიჯერებთ!

ნუ დაიჯერებთ აგრეთვე, ნადირთა მეფედ წოდებული კლანჭმაგარი და გულმაგარი ლომი თრითინაზე, საწყალ თრითინაზე მეტად მიყვარდეს. რატომ? იმიტომ, რომ დედა ვარ, ჩემი გული, ჩემი გრძნობა სხვაა, თქვენი სხვა; ბევრჯერ ბევრ თქვენგანსა რაც მოსწონს, მე მეწუნება.

ადამიანო, თუ მე დედა ვარ და თქვენ ჩემი შვილები, რატომ არ ცხოვრობთ, როგორც ძმები? რად სტაცებთ ერთიმეორეს პირიდან ლუკმას? რად გაქვსთ ზოგს ათასი ლუკმა და სხვას ერთიც არა? ათასი ლუკმის პატრონი, ეგ ხომ ჩემი ამაგია, რად თავხედობ და იჩემებ იმას, რაც შენი არ არის, არც ყოფილა და არც როდისმე იქნება?.. გრცხვენოდეს! შენ მტარვალი ხარ, შენ სჯალათობ, მკვლელი ხარ ძმისა და მისთან ერთად მკვლელი ჩემის გულისა. დაიდე გულზე ხელი, განსაჯე, იფიქრე კარგად და მიპასუხე: შენია ეგ ათასი ლუკმა? შენი ღვაწლი, შენი ამაგია? „მე ვიშრომეო!“ და თუნდ მაგრე იყოს, დაე, შრომით და ოფლით გქონდეს შეძენილი ეგ ათასი ლუკმა, მითხარი: რად იშრომე, ვის გულმკერდი ჰკაწრე და ჰღადრე? ჩემი, ჩემი! და უჩემოდ ყოველი ამაოა, როგორც ქროლვა ქარისა, როგორც ბობოქრობა მღელვარე ზღვის ზვირთთა. ეგ საბუთი მხოლოდ გულუბრყვილო ჩემი შვილების მოსატყუებლად გაკერია პირზე და ისინიც ტყუვდებიან. შენი შრომა მხოლოდ თამაშობაა, გართობაა და სხვა არა რა. და თვით შენი შრომა, როგორც შენ, ჩემი ამაგი ხარ, ჩემი და მხოლოდ ჩემი. ვინ მოგცა ნება დაეპატრონო მომეტებულს ჩემს ნაწილს. როცა მე ყველას ვეკუთვნი საერთოდ, როგორც დედა…ვიტანჯე დიდხანს, მინდა დავისვენო, მინდა გავიხარო დღეს. მინდა ვნახო, რომ ძმა ძმას აღარ სჩაგრავდეს უსამართლოდ. ადამიანო! ნუ იკვეხი, ნუ თვალთმაქცობ, ნუ ამბობ: ჩემის სისხლით, ჩემის ოფლით მოვრწყე დედამიწა და, მაშასადამე, მე მეტი მეკუთვნისო.. შენი სისხლი, შენი ოფლი იგივე ჩემი სისხლი, ჩემი ოფლი, ჩემი ამაგია, ჩემი ღვაწლი.… იფიქრე, კარგად იფიქრე! ჩაუკვირდი: ჩაუკვირდი, რას გეუბნები.

ადამიანო! ნუ ამბობ, ეს მიწა ჩემის ხმლით დაჭერილი მაქვსო, ხმალი?! ჰმ! ისიც ჩემი ამაგია, ჩემ გულმკერდიდან ამონაწოვი და ამოღებული. შენ მარტოს არა გაქვს უფლება სთქვა, ეს ჩემია და მარტო ჩემიო. ეს შეუძლიან სთქვას მხოლოდ ერმა და მარტო ერმა, რადგან ერი ჩემი შვილია და მე, დედა მისი… მხოლოდ ერს შეუძლიან სთქვას: მამულისათვის და დედამიწისათვის სისხლი დავღვარეო, – ისიც ნამდვილს ჩემს შვილებს, რომელნიც მე მიფარავენ მტაცებელთაგან. ჩემის ზედაპირის პატრონო, ჩამობრძანდი შუაგულში და იქაც იბატონე, ინავარდე, აკრიბე ღალები,…რატომ არ გაჰბედავ, გეშინიან? ჰოო, საშიშია, არა? იქ ცეცხლი დაგწვავს? აიღე ხელი უსამართლობაზე, რათა ის ცეცხლი არ გამოვგზავნო მაღლა, ზევით მტარვალთა დასაწველად...

როცა დედამიწა ამას ამბობდა, შავი ნისლი, ვით კუპრივით ნისლი მიაწვა და იქიდან მოისმოდა დუდუნი, ბუზღუნი უსიამოვნო კილოთი ნათქვამი ხმები: რას ბრძანებთ, ქალბატონო, არ გეკადრებათ, როგორ შეიძლება მაგნაირად ქვეყნის გაბრიყვება. მე მიყიდნია, ფული მიმიცია, სულ ბაჯაღლო ოქრო. მაშ ეს არაფერი? მაშ ფულს ძალა არა აქვს? მაშ ეს ოხერი ვყოფილვარ?! ავიღო ხელი?… უსამართლობაა, დიდი უსამართლობა! განა გეკადრება ამისთანა უსამართლობის ჩადენა? არ გეკადრება. გეთაყვა, ჭკუიანად ილაპარაკე, ნუ არევ ქვეყანას, ნუ გადაჰრევ…რა სათქმელია, როგორ შეიძლება, ხომ დაიღუპა ქვეყანა?!

ამ ხმის გაგონებაზე უფრო გაწყრა დედამიწა, ისე მედგრად ამოიძახა, რომ შავი ნისლი მისი ხმის ძლიერებამ ბურთივით მაღლა შეათამაშა: რაო, რაო? როგორ ბრძანეთ, ვაჟბატონო, ამბობდა გამწყრალი დედამიწა: დედის ყიდვა და გაყიდვა სად გაგონილა, სად თქმულა? ნაყიდი დედა...… დედის მყიდველი შვილი… არა ხარ შენ ჩემი შვილი და არცა ხარ ღირსი მთელო ჭუჭყიანის ფეხებით, არ შეგერგეხვა დედა ეძებე, მე შენი დედა არა ვარ და არც შენა ხარ ჩემი შვილი. დედის მყიდველი შვილი ვინა სთქვა შვილად? ან ნაყიდი დედა ვინ აღიარა დედად?!. მოტყუებულხარ, საწყალო და მეც მატყუებ. ჩემ ნამდვილ შვილებს მოვაკლო რძე და შენ გაწოვო? ღმერთს რა ვუთხრა?.. რა პირით ვუცქირო მზეს და მთვარეს? – შენ ხარ მტაცებელი, შენ ხარ მტარვალი, შორს ჩემგან! ფული შეიძინე? ფული გაქვს? ჩემს შვილებს ჩემს მეტი არაფერი შერჩათ. მიბრძანდი და მაგ ფულით სხვაგან სხვა დედა იყიდე, მე ნუ მყიდულობ. ჩემი კანონიერი შვილების ერთადერთი სიხარული მხოლოდ მე ვარ, საწყლებს სხვა აღარაფერი შერჩათ: მეც შენ უნდა შემისყიდო?! შორს ჩემგან, იუდავ!

ნუ აჩქარდები დედაშვილობას, არ გაგაბრიყვონ, უგუნურებს როდი უნდა გააგონო მაგისთანა სიტყვა. თანაც არა აქვთ და შენგანაც რომ გაიგონებენ, მაშინ ხომ სულ ერთიანად გადაირევიან. მაშ არც მე ვარ შენი შვილი? ნუთუ ჩემზედაც სწყრები? მე ხომ ნახევარი შენი ნაწილი მეფეთაგან მაქვს ნაჩუქარი „დოკუმენტით, ბეჭდებითა და ღერბებით შემოწმებულ-დამტკიცებული, ძველისძველად. სისხლის ღვარს ხომ ნუ იტყვი და ამაგს, რაც მე დავღვარე და გავწირე შენის გულისთვის. რამდენჯერ ხმალი ვიქნიე, ნუთუ ეხლა უნდა გადამაგდო?!“

- როგორ? წარმოთქვა ამ სიტყვები გაგონებაზე კვალად დედამიწამ და ძლიერად შეინძრა. მეფეთაგან ნაჩუქარიო? ჩემი მაჩუქებელი ბოროტმოქმედია. რა უფლებით? თუ ჩემი თავი გაჩუქეს მეფეებმა, ისინი ჩემი შვილები არ ყოფილან, რადგან თავის დედას ღვიძლი შვილი არას დროს სხვას არ აჩუქებს. ვინც აჩუქებს ამისთანა დედას, ის ხომ შვილად არ ჩაითვლება, ვის ატყუებ? საქმითაც ხომ დაამტკიცე: კიდეც იმიტომ არის, რომ მყიდი და მაგირავებ, ვინ დასთვლის, რამდენი საუკუნეა, რაც შენ მარტოკინას ჩაგიდე პირში და გაწოვე ცალი ძუძუ, გაგასუქე, გაგათამამე, გაგანებივრე; მეორე ძუძუთი კი ათიათასი სული ვასაზრდოვე და ვაი ასეთ კვებას, ასეთ საზრდოს: დავაბეჩავე, დავასაწყლე იმოდენა შვილები შენის გულისთვის, შენ ყელმოღერებული დაჰბრძანდები, ხოლო ისინი თავდაქინდრულნი, დაშვებულ-დაბეჩავებულნი. გეყო შენც შენის ძმების ჩაგვრა და უნდა დასჯერდე იმ კერძს, რასაც დასჯერდება ათასი და ათიათასი. ჩემის გულისათვის, ვინც სისხლი დაღვარეს, ისინი სხვები იყვნენ და შენ სხვა ხარ, შენ აღარც სისხლსა ჰღვრი და აღარც ოფლს. დაღვარე ოფლი, ოფლი მაინც, რომ გიწამო, მიგიღო ისევ შვილად.

ჩვენ რაღას გვეტყვი, დედილო, ჩვენ საწყლებს, დაჩაგრულთ, დავრდომილ-დამონებულთ? მოისმა იმავე ჯანღიდან ძალიანი ხმა, ზოგი მკაცრი, გაბედული, სხვა ხრინწიანი და მიკნავლებული: „რა პასუხს გვაძლევ? ჩვენ არც ფული გვაქვს, არც დოკუმენტები, აღზრდილთ შენის კალთა-უბით, არაფერი არ გვაბადია რა, მხოლოდ შენ შემოგჩერებივართ: შენა ხარ ჩვენი ქვეყნიური ღმერთი, ჩვენი პირის ზიარება, ჩვენი სულის ჩამდგმელი; შენ რასაც მოგვაწვდი, მხოლოდ ისაა ჩვენი ბედნიერება, ჩვენი სიცოცხლე...

- თქვენი ვარ, სთქვა დედამიწამ და სდუმდა.

ხოლო ჯანღი გადიდდა, გასივდა, აირია. ათასნაირი ხმაურობა მოისმოდა იქიდან, ზოგი ტირილი, ზოგი სიცილი. წვიმა იყო თუ ცრემლი მოდიოდა და დედამიწას ასველებდა. მზის სხივი დროებით მიმალულიყო, შავად, როგორც ფისით, გალესილი იყო დედამიწა. იქვე ქალაქის ტოლი, დიდი, მეტად დიდი სასაფლაო მოსჩანდა. თურმე მკვდრებიც ამ ამბავს და ბაასს ყურს უგდებდნენ და საფლავებში თავებს აქნევდნენ ისე ძლიერად, რომ საფლავის ქვებიც კი მაღლა იწევდა…

ჯანღი ჯერ ისევ ჯოჯოხეთურ ხმას გამოსცემდა, მოდიოდა მშხეპრად ცრემლი და ჰღვარავდა დედამიწას...…

Comments

Popular posts from this blog